17 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
მეუფე ანტონს ბიზნეს წილების მითვისებასა და პარტნიორის შევიწროებაში ადანაშაულებენ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს წილების მითვისებასა და ბიზნესპარტნიორის შევიწროებაში ადანაშაულებენ. 80-იან წლებში ის ხატების ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. მასთან ერთად სასჯელს კიდევ ერთი ადამიანი, რუსლან ღვინჯილია იხდიდა. ათეულობით წლის შემდეგ მათი ოჯახები ბიზნესპარტნიორებად იქცნენ და ერთმანეთთან დავა აქვთ.

ღვინჯილიები ამტკიცებენ, რომ მეუფე ანტონის შუამდგომლობით მიიღეს მათ თბილისის მერიისგან მიწის ნაკვეთი ნარიყალასთან, სადაც ვაჭრობა წამოიწყეს. მათი თქმით, როდესაც ბიზნესი მომგებიანი აღმოჩნდა, ეპისკოპოსმა მათი ჩამოცილება და ბიზნესის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა.

თანამედროვე, ევროპული ტიპის არტ-ბაზრობის მოსაწყობად მათ საქმეში, თავდაპირველად, 36 ათასი დოლარი ჩადეს და პროქტის მომზადების პარალელურად ქალაქის მერიაში ისეთი ადამიანის ძებნა დაიწყეს, ვინც მიწის იჯარით გადაცემისა და ამ ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვის მოპოვების საკითხში დაეხმარებოდა. წამოწყების ინიციატორ რუსლან ღვინჯილიას მერიის ჩინოვნიკებთან კომუნიკაციაში დახმარებას ახლობელი ირმა ძაგანია უწევდა.

რუსლან ღვინჯილიას და ამბობს, რომ მეგობარ მიტროპოლიტს მისმა ძმამ ეპარქიაში ჩააკითხა და თბილისის მერიაში პროტექციის გაწევა სთხოვა.

შპს "ალიანსს" ნარიყალაზე არტ-ბაზრობის გასახსნელად მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით, ყოველგვარი აუქციონის ან კონკურსის გარეშე 10 წლიანი იჯარით გადაეცა, გადასახადად კი წელიწადში 4500 ლარი დაუდგინდა. კომპანიის მეწილეებს შორის რუსლან ღვინჯილიასთან და ირმა ძაგანიასთან ერთად მეუფე ანტონის ქალიშვილი ქეთევან ბულუხიაც აღმოჩნდა.

ინფორმაციას, რომ მიტროპოლიტი ღვინჯილიას მერიაში დაეხმარა, ირმა ძაგანია არ ადასტურებს. მისი განმარტებით, მეუფის შვილმა მათ საწარმოში წილი მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ რუსლან ღვინჯილიამ სამღვდელოების მაღალი იერარქიის წარმომადგენლის მიმართ კეთილი ნება გამოავლინა.

შპს "ალიანსის" დაარსების დღიდან მისი დირექტორი რუსლან ღვინჯილია იყო და თანხებსაც ის განკარგავდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეუფე ანტონი კომპანიის საქმიანობით უკმაყოფილო იყო, ამიტომ რუსეთიდან ჩამოსულ მეგობარ მანანა რობაქიძეს კომპანიის მართვაში დახმარება სთხოვა.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მანანა რობაქიძემ მეუფე ანტონის შვილის კუთვნილი წილი 100 ლარად შეიძინა. მოგვიანებით მან 34 ლარად იყიდა ირმა ძაგანიას წილიც. მან რუსლან ღვინჯილია დირექტორობიდან გადააყენა და კომპანიის მართვის სადავეები ხელში აიღო.  

მანანა რობაქიძე ამტკიცებს, რომ ღვინჯილია მას წილების დათმობას კანონიერი ქურდების დახმარებით აიძულებდა. აღნიშნულ ინფორმაციას ღვინჯილიები უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსლან ღვინჯილია კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავა. მის დაპატიმრებას ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული აუდიომასალა დაედო საფუძვლად, რომლის შეგროვებაშიც პოლიციას მანანა რობაქიძე დაეხმარა.

მიტროპოლიტი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა P.S.-ის ჟურნალისტს და პროდიუსერს შეურაცხყოფა მიაყენა და დაწყევლა. მიტროპოლიტი „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ემუქრებოდა.

 

დღის ამბები