17 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
ჭავჭავაძეზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 25 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 25 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

როგორც ირკვევა, ყოფილი ლეჩკომბინატის წინა ფასადის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა.

გეომორფოლოგმა, ლაშა სუხიშვილმა, რომელმაც ტრაგედიის ადგილი რამდენიმე წუთის წინ დატოვა, "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ გეოლოგიური პრობლემა არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა. 

თბილისის მერიის ინსპექციაში კი განმარტავენ, რომ სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, კომპანია სამუშაოებს აღარ გააგრძელებს. 

ჭავაჭავაძის 5 ნომერში საავადმყოფო უნდა აშენდეს. კომპანია „ლეჩკომბინატი 1“ არის დამკვეთი, ხოლო სამუშაოების შემსრულებელი კი „ტრანსმშენი“.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები