„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრები იკრიბებიან. მათ ოფისში შესვლამდე 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირების დასახელებისგან თავი შეიკავეს. ირაკლი კობახიძე უკვე საქართველოშია. მან ბაქოში ვიზიტი ერთი დღით ადრე შეწყვიტა. ის უკვე პარტიის ოფისში იმყოფება.
"ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. სხდომას ასევე ესწრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი, რომელმაც გუშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
რაც შეხება იმას, თუ რა ფორმით აიღებენ მმართველი გუნდის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ან რატომ მოუხადეს ბოდიში რუს დეპუტატ გავრილოვს, როგორც ამას "კომერსანტი" წერს, დადგება თუ არა ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი, სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
ასევე, უცნობია, როდის დაიწყება სამართლებრივი ზომების მიღება ოპოზიციის მისამართით, რაზეც გუშინ თავად პრემიერმა განაცხადა. პრემიერმა თქვა ისიც, რომ მათი გუნდის წევრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, თუმცა, უცნობია, ვინ იგულისხმა.
საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.
მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.
აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.
შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.