26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილისთვის პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, ადვოკატი - გირაოს

თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, გავრილოვის ღამიდან ერთი თვის და 5 დღის შემდეგ დააკავეს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი არ ეთანხმება ბრალდების შუამდგომლობას, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.

ადვოკატის განცხადებით, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, მაშინ დაცვის მხარე სასამართლოს 10 ათას ლარიან გირაოს შესთავაზებს.

„ჩვენი მხრიდან მოთხოვნა იქნება, რომ არანაირი საფუძველი ფაქტობრივიც და ფორმალურიც არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტს სასამართლო, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, შევთავაზებთ გირავნობას ან პირად თავდებობას, პირადი თავდებებიც გვყავს. საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გამოიყენოს, არა თუ პატიმრობა, ზოგადად აღკვეთის ღონისძიების საფუძვლებიც არ არის და მით უმეტეს პატიმრობას გაცილებით დიდი დასაბუთება და დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება, რაც არ არის საქმეში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ოქრუაშვილის დაკავებას წინ უძღოდა მისი არაერთი სკანდალური განცხადება, მათ შორის სამართლებრივი ბრძოლის დაანონსება „რუსთავი2-ის“ საქმეზე. ოქრუაშვილის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანიის წილები რეალურად სწორედ მას ეკუთვნის და ქიბარ ხალვაში მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზისთვის ხელმოწერა სამხარაულის ბიუროში 3 დღის წინ დატოვა, თუმცა პასუხი უცნობია.

დღის ამბები