27 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - არასრულწლოვანმა მოწმემ მკვლელობამდე, საპირფარეშოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის დროს მოკლული დათუნა სარალიძის საქმეზე 5 მოწმე დაიკითხა. მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, რომელმაც მკვლელობამდე 51-ე სკოლის საპირფარეშოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. 

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ე.წ. "საპირფარეშოს მოვლენებში", საიდანაც დაიწყო კონფლიქტი, დავით სარალიძეს მონაწილეობა არ მიუღია. 

„შემიძლია დღეს გავახმაურო, რომელიც ბუნდოვანი იყო მთელი ამ გამოძიების ეტაპზე, რომ დავით სარალიძე ტუალეტში ნამდვილად არ ყოფილა. ტუალეტის ეპიზოდი რაც არის, კონფლიქტი საიდანაც დაიწყო, დავით სარალიძე იქ არ ყოფილა. სხვადასხვა მოწმეები სხვადასხვას ჰყვებიან, მაგრამ დღევანდელმა ერთ-ერთმა მოწმემ დეტალურად მოჰყვა თუ რა მოხდა ტუალეტში, ანუ ბულინგი იყო თუ არ იყო და სარალიძე სად იმყოფებოდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს არსებული მტკიცებულებებით დავით სარალიძეს ტუალეტის კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია,“ - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

პროკურორის განცხადებით, მოწმეებმა პროცესზე საქმის მნიშვნელოვან გარემოებებზე ისაუბრეს. 

„მოწმეებმა ისაუბრეს ფაქტობრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. ყველა ის გარემოება, რაზეც ისაუბრეს დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა, არის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, აბსოლუტურად ყველა გარემოება და მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სხდომაზე მოწმეთა მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არის, ერთი მხრივ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე და მეორე მხრივ, ადასტურებს სწორედ ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, რომელიც პირდაპირ ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან არის რელევანტური,“ - განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

დღის ამბები