„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, მერაბ გაბინაშვილთან გასაუბრებისას დაინტერესდა, კარნახობდა თუ არა პასუხებს გაბინაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას, გუშინდელ გასაუბრებაზე მობილურის მეშვეობით.
გაბინაშვილის თქმით, მან თამარ ალანიას მხოლოდ გამამხნევებელი შეტყობინება გაუგზავნა.
„მე მივწერე ქალბატონ თამარ ალანიას, რომ დაღლილობა არ შეგეტყოს“ - უპასუხა გაბინაშვილმა ბოკერიას.
გიგა ბოკერია, ასევე დაინტერესდა, ვინ დაურეკა გაბინაშვილს იმის შესატყობინებლად, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე იყო ნომინირებული. გაბინაშვილის თქმით, ეს ადამიანი იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე იყო.
ბოკერიამ გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანი, შესაძლოა, ლევან მურუსიძე ყოფილიყო და კანდიდატს ჰკითხა, იყო თუ არა მზად, რომ საკუთარი მობილური ტელეფონის ამონაწერი გაესაჯაროვებინა.
გაბინაშვილმა ამ ქმედებაზე მზადყოფნა დაადასტურა.
მერაბ გაბინაშვილს კითხვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემაც დაუსვა. კილაძე დაინტერესდა, რა არჩევანს გააკეთებდა კანდიდატი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის.
“მოსამართლის შეფასება, რასაც, დავუშვათ, ხშირ შემთხვევაში, არცთუ სასიამოვნო ფორმებით აკეთებს მედია, ჩვენი მხრიდან, თუ ის გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, რა თქმა უნდა, დასათმენია.“- უპასუხა გაბინაშვილმა კილაძეს.
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს, თამარ ალანიასთან გასაუბრებით დაიწყო.