24 აპრილი 2024,   00:02
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ

დეკანოზი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის რასაც დეკანოზის ჯანმრთელობის შესახებ მისი ოჯახის წევრები ყვებოდნენ, მსჯავრდებულმა თავად დაადასტურა. "კურიერი" გიორგი მამალაძის ძმას დაუკავშირდა. თორნიკე მამალაძემ "კურიერთან" დეტალურად ისაუბრა დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე. როგორც დეკანოზის ძმა ამბობს, მსჯავრდებული მასთან პაემანზე საწოლით ჩაყავთ.

თორნიკე მამალაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნით ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა. ოჯახი მეორე ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რომელიც ოჯახის და მსჯავრდებულის თხოვნით, წამებისა და ძალადობის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა "ემპათიამ" უნდა ჩაატაროს.

დეკანოზის ოჯახის წევრების მსგავსად სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნის შესახებ კითხვები "ემპათიის" ხელმძღვანელსაც აქვს, თუმცა, მარიამ ჯიშკარიანი დეტალებზე ვერ საუბრობს. გიორგი მამალაძის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის დაწყებას "ემპათია" კვირის ბოლოდან გეგმავს. პირველი ვიზიტი 4 ოქტომბერს შედგება. ჯიშკარიანის თქმით, კომპლექსური ექსპერტიზის ჩასატარებლად მინიმუმ 2 ვიზიტია საჭირო.

ექსპერტიზა, რომელსაც გიორგი მამალაძის ოჯახი არ ენდობა, მსჯავრდებულს 27 ივლისიდან 6 აგვისტოს პერიოდში ჩაუტარდა. დეკანოზის ფსიქიკური მდგომარეობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნითა და მსჯავრდებულის თანხმობით "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა" შეისწავლა.

უწყებამ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პროცესში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იყო ჩართული და გიორგი მამალაძის პატიმრობის ყველა ეტაპზე ინფორმირებული იყო მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი ის პროცესი, რაც უწყების მოთხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ოჯახისთვის გადაცემას მოჰყვა. დეკანოზის ახლობლებმა მეორე ექსპერტიზა მოითხოვეს.

გიორგი მამალაძე ამ დრომდე ციხის საავდმყოფოში რჩება. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან მსჯავრდებული მეორე ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება, უწყებას დეკანოზისთვის სასჯელის მოხდის ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია.

"ემპათიის" ხელმძღვანელის თქმით, მეორე ექსპერტიზის პასუხი დაახლოებით 1თვეში იქნება.

დღის ამბები