15 ოქტომბერი 2024,   22:45
ვრცლად
„საქართველო უნიკალური პარტნიორია ალიანსისთვის" - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. დელეგაციის წევრებმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველო ბათუმის აეროპორტიდან დატოვეს.

2 დღიანი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა პირისპირ შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

სალომე ზურაბიშვილმა და როუზ გოტმიოლერმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონების აღიარებაზე.

„საქართველო უნიკალური პარტნიორია ალიანსისთვის. მოკავშირეებს აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, გააძლიერონ არსებითი პაკეტი 2020 წელს, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლობა. ვაღრმავებთ დიალოგს შავი ზღვის რეგიონში, მივესალმებით თქვენს წინადადებას, უზრუნველვყოთ ლოჯისტიკური მხარდაჭერა ნატოსა და მოკავშირეებისთვის, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარებაზე. ეს საქართველოს განუყოფელი რეგიონებია. საქართველო გახდება ნატოს წევრი - ალიანსის ეს პოზიცია არ იცვლება. ვიმუშავებთ მჭიდროდ, რომ მოვამზადოთ თქვენი ქვეყანა წევრობისთვის“ - განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მიზანი, რასაც ნატოში გაწევრიანება ჰქვია, ურყევია. 

„ჩვენთვის აუცილებელია, რომ დავძლიოთ ის პოლარიზაცია ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტიკურ ძალებთა შორის. როგორც მინიმუმ იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ჩვენი მიზანი ურყევია, ეს არის გაწევრიანება ნატოში და ევროკავშირში. ვერავინ ვერ შეგვაცვლევინა ეს მიზანი და ვერავინ შეგვაცვლევინებს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები