06 ოქტომბერი 2024,   08:11
ვრცლად
"სხვა პლანეტაზე უნდა მოხდეს ვიზიტი, რომ 2 თვეში ამხელა თანხა გაიხარჯოს" - NGO-ები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებზე 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების ზრდა, რომელიც 2 მილიონ 200 ათას ლარს აღწევს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებში გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე თვლის, რომ საკითხის კენჭისყრის დროს დეპუტატებმა მკაფიო და ნათელი კითხვები უნდა დასვან, თუ რა მიზნებს მოხმარდება ეს ფინანსები.

"რაღაც მკაფიო ხედვის გარეშე, მწყობრი ნაბიჯების გარეშე დაფინანსების ზრდა, იქნება მორიგი ფინანსური წახალისება, რომელიც ისეთივე მილიონების ხარჯვა იქნება, რომელიც აქამდეც არაერთხელ გვინახავს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ როდესაც ამ საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა იქნება, დეპუტატებმა მკაფიო და ნათელი კითხვები უნდა დასვან, თუ რა მიზნებს მოხმარდება ეს ფინანსები,"- განაცხადა სულხან სალაძემ.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ 2 მილიონ 200 ათასი ლარი 2019 წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში საგარეო ვიზიტებზე დასახარჯად წარმოუდგენლად დიდი თანხაა. 

"ძირითადი აქცენტი გათვალისწინებულია საგარეო ვიზიტზე. წარმოუდგენელია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში 2 მილიონ 200 ათასის ვიზიტი განხორციელდეს. თუ ნამდვილად ვიზიტებზე დაიხარჯა ეს თანხა, ძალიან ფეშენებელური ვიზიტები გამოდის. ალბათ, სადმე სხვა პლანეტაზე უნდა მოხდეს ვიზიტი, რომ ამხელა თანხა გაიხარჯოს ბოლო ორ თვეში. სავარაუდოდ, აქ საუბარია ადმინისტრაციის წარმომადგენლობით ხარჯებზე, რომელზეც, ძირითადად, წავა ეს თანხა,"- განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონით იზრდება. ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციას დამატებით 2 მილიონ 200 ათასი ლარი ვიზიტებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები