09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
პუტინი და პოროშენკო გაზის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

მილანში ვლადიმერ პუტინისა და პეტრე პოროშენკოს შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა პრეს–კონფერენციებზე შეაჯამეს.

პეტრე პოროშენკოს შეფასებით, მხარეები გაზის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. თუმცა, გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს.

"მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის საკითხზე პრაქტიკული შედეგის გარეშე დავასრულეთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 21 ოქტომბრამდე, როდესაც ბრიუსელში უკრაინის, რუსეთისა და ევროკომისიის დელეგაცია შეიკრიბება, საკითხის მოგვარებას მოვახერხებთ. შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული პროგრესი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ დეტალებს დამატებითი განხილვა სჭირდება," - განაცხადა პოროშენკომ. 

ვლადიმერ პუტინის თქმით კი, მოსკოვი უკრაინის ფინანსურ მდგომარეობას ითვალისწინებს და იმედს გამოთქვამს, რომ ასე მოიქცევა ევროკავშირიც.

პუტინი რუსეთის ბიუჯეტის პრობლემებსაც შეეხო და ნავთობის ფასის მატების იმედი გამოთქვა.

"რუსეთის ბიუჯეტი დაფუძნებულია იმაზე, რომ ბარელი ნავთობი 96 დოლარი ღირდეს. ახლა ეს ფასი უფრო ნაკლებია, მაგრამ ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია შეიცვლება და ფასი მოიმატებს,"- განაცხადა პუტინმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები