10 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
რადა ტომოვა: მოუთმენლად ველით პირველი ემისიების მხარდაჭერას საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარზე

საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვებას აქვს მაღალი პოტენციალი კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ფინანსების ახალი გრძელვადიანი წყაროებისა და საინვესტიციო რეიტინგის უზრუნველყოფისთვის - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რადა ტომოვამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც EBRD-ის დახმარებით შემუშავდა, ევროკავშირთან შესაბამისობაშია.  

"მოუთმენლად ველით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზარზე პირველ ემისიებს. სხვა ქვეყნების მსგავსად, რომელთაც მხარი დავუჭირეთ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების რეფორმაში, EBRD-ი საქართველოშიც მოუთმენლად ელის პირველი ემისიების გამოშვებას. საკანონმდებლო ბაზა ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ასევე აქვს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასება. ახლა მთელი ყურადღება ინდუსტრიაზეა მიპყრობილი, ვინაიდან ბანკები მზად არიან ქართული ბაზრისთვის ახალი ინსტრუმენტის გამოშვებისთვის," - განაცხადა EBRD-ის კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გამართული იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციის მიზანი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა იყო.

 

დღის ამბები