20 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
ხაშურში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება. ირაკლი დეკანოიძის სასამართლო გორში ერთი საათის წინ დასრულდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა. ადვოკატს გირაო არ შეუთავაზებია.

მძიმე დანაშაულიდან ორი დღის შემდეგ დაარღვია დუმილი დაკავებულის ოჯახმა. ადვოკატი საქმეში მესამე ფიგურანტზე ალაპარაკდა, რომელიც მისი ინფორმაციით, დაკავებულ მამაკაცს ემუქრებოდა. ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს მოკლული ქალის ოჯახი.

მკვლელობაში ბრალდებულს გორის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და ამბობს, რომ ყოფილ ცოლთან მკვლელობის მიზნით არ მისულა. 

ირაკლი დეკანოიძის ოჯახიდან გოგალაძეების წინაააღმდეგ დღეს ახალი ბრალდებები გაისმა. როგორც დაკავებულის და ამბობს, მაღაზიაში ხელყუმბარის სროლა და ავტომატის კონდახით მეუღლის ცემა, მსხვერპლის მიერ იყო პროვოცირებული. ია დეკანოიძე ყოფილ რძალს მამისთვის შვილების წართმევასა და მათზე არასასურველი ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს.

ცილისწამება - ასე აფასებენ გოგალაძეები ყოფილი სიძის ოჯახის ბრალდებებს. მოკლულის ნათესავები ადასტურებენ, რომ გოგონას მეგობარი მამაკაცი ნამდვილად ჰყავდა, რომელიც მასზე დაქორწინებას აპირებდა და ის არც ირაკლი დეკანოიძეს დამუქრებია.

ირაკლი დეკანოიძის დის ბრალდებებს დღეს გარდაცვლილის ადვოკატმაც უპასუხა. მაია პირველაშივლის მტკიცებით, ნათია გოგალაძე მამას შვილების ნახვას არ უკრძალავდა.  

მკვლელობის საქმეში მესამე პირის გამო წარმოქმნილ პრობლემებს გამორიცხავენ გოგალაძის ახლობლები. მათი თქმით, ჯიხურში სადაც ახალგაზრდა ქალი მუშაობდა, უცხო მამაკაცი არ უნახავთ და არც ხმაური გაუგიათ.

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე პატიმრობაში რჩება. გამოიკვეთება თუ არა ხაშურში მომხდარ დანაშაულში მესამე პირი, ამას გამოძიება დაადგენს.

 

დღის ამბები