11 ოქტომბერი 2024,   21:46
ვრცლად
ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ივანიშვილთან, ლავროვთან შეხვედრამდე - საგარეო უწყების ხელმძღვანელი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. დავით ზალკალიანმა დეპუტატების კითხვების პასუხად ნიუ-იორკში გაეროს ფორმატში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, ის არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამის გამო საქართველოს ხელისუფლება რამენაირად თავის მართლების რეჟიმში უნდა იყოს:

"როგორც მაშინ, ისე დღეს დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ ეს შეხვედრა უნდა გამართულიყო, ეს შეხვედრა იყო დროული და საჭირო. უკან რომ დავახვიოთ დრო და დამაბრუნა იმ პოზიციაში, რაშიც ვიყავი ნიუ-იორკში ჩასვლის დღეებში, მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ამ შეხვედრის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მივიღეთ ყველა ჩვენი პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციის შედეგად. მთავარი მოტივაცია იყო ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა ბორდერიზაციასთან დაკავშირებით. რატომ არის განცდა, რომ თითქოს ჩვენ თავის მართლების რეჟიმში ვართ, არამც და არამც,"- განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრისას მთავარი საკითხები იყო ოკუპაცია, ბორდერიზაცია და ის დიალოგის ფორმატები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს აქვთ, ასევე საუბარი შეეხო ფრენების აღდგენასაც:

"ერთ-ერთი მოლოდინი იყო ის, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციისთვის გვეთქვა ყველა სათქმელი გულწრფელად და ღია ფორმატში. არა მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ მათ ეს ინფორმაცია ესმით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, ვისი მეშვეობითაც ისინი ახორციელებენ ბორდერიზაციის პროცესს, არამედ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული. მეორე მიმართულება იყო ფორმატები, იცით რომ იყო ბევრი სპეკულაცია ფორმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ არანაირი ცვლილება ფორმატის არე განხორციელდება  ბუნებრივია იყო საუბარი ფრენებთან დაკაშირებით, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე იყო საჯარო ინტერვიუ ამასთან დაკავშირებით და ჩემი მხრიდან იყო საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით,"- აღნიშნა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იმის შესახებაც ისაუბრა, ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია და კონსულტაცია, ვიდრე სერგეი ლავროვს შეხვდებოდა. ზალკალიანის თქმით, კონსულტაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ჰქონდა, პარლამენტიდან - სოფიო ქაცარავასთან. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის კითხვას, საქმის კურსში იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი, ზალკალიანმა უპასუხა, რომ ივანიშვილთან მაის-ივნისის შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია:

"კონსულტაციები მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ოპერატიულ რეჟიმში ხდებოდა, პრემიერი იყო საქმის კურსში.  პარლამენტიდან ჩემთან ერთად იყო ქალბატონი სოფიო ქაცარავა.

მე არ მქონია მასთან ურთიერთობა, ბოლოს მაისში თუ ივნისში ვნახე, მას შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მით უმეტეს ამ თემაზე, უფრო მეტიც, ის ჩვენი შეხვედრის შესახებ დეტალებს ამ ჩვენი დღევანდელი გამოსვლიდან შეიტყობს,"- განაცხადა ზალკალიანმა. 

დღის ამბები