05 ოქტომბერი 2024,   23:52
ვრცლად
"ჩვენ შორის ვინც რუსეთის დავალებას ასრულებდა, იმას მოეკითხოს მშობლები" - ბოკერიასა და ნოზაძის დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების"  თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ ტრიბუნაზე გამოსვლისას ყოფილი ხელისუფლების 9 წლიან მმართველობაზე ისაუბრა და "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის არსებულ დაპირისპირებას შეთანხმებული და დაგეგმილი უწოდა. მან ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ დასაძრახად არ მიაჩნია თუ ამ ორი ქვეყნის დეპუტატები ერთმანეთს შეხვდებიან.

ნოზაძის გამოსვლის შემდეგ გიგა ბოკერიამ "ქართულ ოცნებას" მიმართა, დაეზუსტებინათ დეპუტატი უმრავლესობის სახელით გამოდიოდა თუ არა:

"ვერ გავიგე, ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, ბოდიში, პოლკოვნიკი,  უმრავლესობის თუ თავისი ფრაქციის, თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, ვთხოვ უმრავლესობას დააფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა,"- განაცხადა ბოკერიამ.

მის ამ განცხადებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოჰყვა, ბოკერიას რამდენიმე დეპუტატმა მოუწოდა, რომ წარსულს პატივი უნდა სცეს და ამ კონტექსტში მისი მშობლებიც ახსენეს. ბოკერიას თქმით, საბჭოთა წარსულის პატივისცემა და მშობლების პატივისცემა ერთმანეთთან კავშირში არაა.

"ჩვენ შორის ვინც რუსეთის დავალებას ასრულებდა, იმას მოეკითხოს მშობლები,"- მიმართა ბოკერიამ ნოზაძეს.

საბოლოოდ ბოკერიას ვიცე-სპიკერის მითითებით მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.

დღის ამბები