26 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
თვალთვალი, გადაადგილების მარშრუტის შესწავლა - ოჯახი, რომელიც დაყაჩაღებას გადაურჩა, "კურიერთან" დეტალებს იხსენებს

ოჯახი, რომელიც 3 დღის წინ დაყაჩაღებას გადაურჩა, "კურიერთან“ სპეცოპერაციის ღამის დეტალებს იხსენებს. როგორც ეკატერინე გელიაიძე ყვება, დამნაშავეები ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, აკვირდებოდნენ მათ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს და  ოჯახის შემოსავლებს იკვლევდნენ. იმ ღამეს კი, როდესაც გელიაიძეების ბინა დამნაშავეთა სქემის მიხედვით უნდა გაქურდულიყო, სახლში არასრულწლოვანი მარტო იმყოფებოდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ბრალდებულებმა ამის შესახებ იცოდნენ.

კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბრალდებულებს უნდა გაექურდათ, ავჭალაში, ჯანჯღავას პირველ ნომერში მდებარეობს. სპეცოპერაციაც ღამის საათებში სწორედ ავჭალის ხიდზე ჩატარდა. მაშინ, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფი გილიაშვილების ოჯახზე თავდასხმას გეგმავდა, პოლიციელებმა გზა გადაკეტეს და ხუთივე პირი დანაშაულის ჩადენამდე აიყვანეს.

როგორც ცნობილი გახდა, კრიმინალური დაჯგუფების ხუთივე წევრს ბრალი კიდევ ერთ ყაჩაღობაში ედება. 28 აგვისტოს ოქროყანაში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულები ნიღბებით მაშინ შეიჭრნენ, როცა სახლში მამა და ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ბავშვები გაკოჭეს, მამას კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლიდან თანხა და ოქროულობა წაიღეს.

დაკავებულებს დღეს საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულების ადვოკატები მტკიცებულებების სადავოობაზე საუბრობდნენ.

სახელმწიფო ბრალდება კი საპირისპიროს ამტკიცებს. საქმის პროკურორის განცხადებით, სპეცოპერაციის ღამეს პოლიციელებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრების მანქანიდან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, თოკები და ლენტები ამოიღეს.

ბრალდების მხარის თქმით, საქმეში ასევე დევს ვიდეომასალა, როგორ უთვალთვალებდნენ ბრალდებულები მორიგ სამიზნეს, ავჭალაში მდებარე საცხოვრებელ სახლს.

მომდევნო წინა სასამართლო სხდომა მოსამართლემ 10 დეკემბერს ჩანიშნა

დღის ამბები