26 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
"ნაცები," "შმაცები", "შმაცუნიები", პრორუსული პარტიები - ირაკლი კობახიძის პოტენციურ პარტნიორთა "შავი სია" კამათის მიზეზი გახდა

ვინ ვისთან ითანამშრომლებს და ვინ რა შედეგს მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - პოლიტიკური ძალების პროგნოზი დღეს პარლამენტში კიდევ ერთხელ გახდა დაპირისპირების თემა. პარლამენტის სხდომა მთელი დღის განმავლობაში მწვავე კამათის და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

დასახელებული პროცენტების შემდეგ, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამჯერად ოპონენტებმა პოტენციური პარტნიორების საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკეს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობას აქვს განშტოებები - "ნაცები," "შმაცები" და "შმაცუნიები" - მათთან პარტნიორობა გამორიცხულია," თუმცა, გამორიცხულ პარტნიორთა სია ამ ჩამონათვლით არ დასრულებულა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კოალიცია იმ პარტიებთანაც გამორიცხა, რომლებთან საგარეო ვექტორი თუ მომავლის ხედვა "ქართული ოცნებისას" სცდება. კობახიძე ოპონენტებს 2020 წლის არჩევნებზე მარცხს უწინასწარმეტყველებს.

საპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ არც მათემატიკაა კობახიძის ძლიერი მხარე და არც იუმორი. "ევროპულ საქართველოში" პროდასავლური პარტიების იმ პოლიტიკურ რესურსზე მიუთითებენ, რომლითაც მმართველ პარტიაზე გამარჯვებაა შესაძლებელი. რაც შეეხება ბრალდებების პირდაპირ ადრესატებს "ნაციონალური მოძრაობიდან," აქ ამბობენ, რომ კობახიძის განცხადება მცირე პარტიებს აყენებს შეურაცხყოფას.

"ვინ ახევს კალთებს" - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიერ პრორუსულ პარტიად მოხსენიებულ "დემოკრატიულ მოძრაობაში" ოცნების თავდაჯერება აკვირვებთ, განსაკუთრებით კი არჩევნებამდე 1 წლით ადრე.

"პატრიოტთა ალიანსში" კი პრორუსულ ნიშას ემიჯნებიან, "ოცნებასთან" თანამშრომლობაზე კი, მას შემდეგ აპირებენ მსჯელობას, რაც საარჩევნოდ მათ შემადგენლობას დააკვირდებიან.

რაც შეეხება ახლად დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელოს", რომელიც კობახიძის თქმით "ალიანსში თავს მეორე მხარეს ხედავს", აქ ცალსახად გამორიცხავენ ვინმესთან კოალიციის შექმნის პირობას, რადგან 2020-ში უმრავლესობის დაკომპლექტებას გეგმავენ. "ლელოს" სპიკერმა, ანა ნაცვლიშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან აფელირებულ პარტიებთან თანამშრომლობა ცალსახად გამორიცხა.

პოლიტიკური რეიტინგები არჩევნებამდე 1 წლით ადრე უკვე გახდა დაპირისპირების საგანი, მათ შორის დღევანდელ საპარლამენტო სესიაზეც. სადაც სიტყვიერი შელაპარაკება ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესა და პატრიოტთა ალიანსის ლიდერ, ირმა ინაშვილს შორის მოხდა.

2020 წლის არჩევნებში ჩართულ პარტიებს პარტნიორებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება უკვე მომავალი წლიდან მოუწევთ, რა დროსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია გაიხსნება.

დღის ამბები