21 დეკემბერი 2024,   16:44
ვრცლად
"ბოდვა" თუ რეალური ბრალდებები - მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებები სინოდმა უპასუხოდ დატოვა

ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ბრალდებები, რომელთა გამოც სინოდის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა, დღეს სხვა თემებმა გადაფარა. მეუფე იაკობს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, სინოდიდან გამოსულმა სასულიერო პირებმა კი თქვეს, რომ მან ბოდიში მოიხადა, ინანა და შეუნდეს

ყველაფერი მეუფე იაკობის იმ სკანდალური ბრალდებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც მას პატრიარქის ილია II-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში ჩართვას მთავრობის მაღალჩინოსნები და სასულიერო პირები სთხოვდნენ. ბრალდებების ადრესატებს შორის მეუფე პეტრეც აღმოჩნდა, რომელიც, მეუფე იაკობის თქმით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებს.

მეუფე პეტრემ ყურადღება მეუფე იაკობის ნასვამ მდგომარეობაზე გაამახვილა და მის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა.

მეუფე იაკობის განცხადებები არასერიოზულად აღიქვეს ბრალდებების სხვა ფიგურანტებმაც, - მათ შორის პრემიერმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

"ბოდვა" უწოდა მეუფე იაკობის განცხადებას გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემაც, როდესაც მას ამ განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების შესახებ ჰკითხეს.

ის, რასაც პროკურორმა ბოდვა უწოდა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე. მანამდე მეუფე იაკობი პატრიარქს პირადად შეხვდა და, როგორც თავად განაცხადა, გადადგომის შესახებ მიმართა.

თანამდებობიდან გადადგომამდე მეუფე იაკობის კიდევ არაერთი გამოსვლა მოექცა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბოდბელ ეპისკოპოსს უკავშირდება სკანდალური განცხადებები "ციანიდის საქმეზე" დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ.

ყველაფრისთვის ნათელის მოფენას მეუფე იაკობი საზოგადოებას არაერთხელ დაჰპირდა. ვაშინგტონში ვიზიტის დროს, "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში მღვდელმთავარმა იმ წერილის შინაარსზეც ისაუბრა, რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან გამოგზავნა.

მეუფე იაკობი ყველაზე ხშირად სწორედ მეუფე პეტრეს უპირისპირდებოდა. განხეთქილება სასულიერი პირებს შორის დღეს სინოდის სხდომაზეც განიხილეს - მეუფე იაკობს შეუნდეს, მეუფე პეტრეს კი სკანდალური მხილების გამო მღვდელმთავრობა ჩამოართვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები