21 დეკემბერი 2024,   16:48
ვრცლად
"რუსეთმა დაგვაკარგინა სულიერება და ვინც ამას არ აღიარებს, პრორუსია, გინდ იყოს მეუფე, გინდ არა"- კამათი პირდაპირ ეთერში

"ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ "კურიერის" პირდაპირ ეთერში იკამათეს. მიტროპოლიტის გაღიზიანება აკაკი ბობოხიძის ფრაზამ გამოიწვია, რომ მეუფე პეტრეს საპატრიარქოში უნდა მოუსმინონ. ასევე, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ ერთადერთი მტერი, რომელიც სულიერად გვანადგურებს, რუსეთია. 

"მე არ ვარ არც რუსეთის გამამართლებელი და არც ევროპის გამამტყუნებელი, მაგრამ სულიერ განადგურებაზე როდესაც ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება გამართლება ადამიანისა, რომელიც ანადგურებს საქართველოს ეკლესიის და მისი საჭეთმპყრობელის სახელს, ვგულისხმობ მეუფე პეტრეს,"- განაცხადა მეუფე ანდრიამ.

აკაკი ბობოხიძის თქმით, მას მეუფე პეტრე, რომელმაც დღეს პატრიარქის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, არ გაუმართლებია. მისი თქმით, მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მეუფე პეტრემ არსებულ საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მისი მოსმენა აუცილებელია.

მეუფე ანდრია და "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ამ თემაზე ვერ შეთანხმდნენ. 

"რუსეთმა წაგართვათ ეკლესია, გაგიუქმათ ავტოკეფალია, დაგვაკარგინა სულიერება. ვინც ამას არ აღიარებს, ის არის პრორუსი და გინდ იყოს მეუფე, გინდ არა,"- განაცხადა ბობოხიძემ.

"თქვენ უკვე გადადიხართ ზრდილობის ფარგლებს, ეს არის ასე ჩემთვის. მე თქვენ არ გაწერთ სახელ "პრო"-ს. თქვენ ბრძანდებოდით ისეთ ხალხთან მიტინგებზე, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მეც რაღაცა სახელი მოგიწოდოთ?,"- მიმართა მეუფემ დეპუტატს.

"თქვენს ძმასთან ერთად ვიყავი ყოველთვის მიტინგებზე,"- უპასუხა დეპუტატმა მეუფეს. 

დღის ამბები