30 დეკემბერი 2024,   22:10
ვრცლად
ხელოვანები ჰომოფობიისა და ცენზურის წინააღმდეგ - ფილმს "და ჩვენ ვიცეკვეთ" სოლიდარობას უცხადებენ

"და ჩვენ ვიცეკვეთ" - ფილმის ჩვენების პირველმა დღემ ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების აგრესიული განცხადებებისა და თბილისის ცენტრში ძალადობის ფაქტების ფონზე ჩაიარა.

ორი მამაკაცის სიყვარულზე გადაღებული ფილმის შემოქმედებით ჯგუფს მხარდაჭერა კოლეგებმა საგანგებო მიმართვით გამოუცხადეს. განცხადებას ხელს აწერს ყველა თაობის ხელოვანი, მათ შორის ისინი, ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია და კარგად იცის თავისუფლების ფასი.

კინორეჟისორები, სცენარისტები და მსახიობები ამბობენ, რომ მუქარა და ძალადობა გაუმართლებელია. სახელმწიფოს კი მოუწოდებენ, არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული ადამიანების საფრთხეში ჩაგდება. ხელოვანები თანხმდებიან, რომ რადიკალური ძალები ქვეყნის დემოკრატიასა და ევროპულ არჩევანს აზიანებენ.

კოლეგების გარდა ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობა ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. მწერლები და პოეტები ღიად ამბობენ, რომ რადიკალური ძალების უკან რუსეთს ხედავენ.

ცენზურა კატეგორიულად მიუღებელია სხვა ხელოვანებისთვისაც. მუსიკოსები და მხატვრები ამბობენ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, ევროპულ ქვეყანაში ისეთ მოვლენებს, რომელიც ორი დღეა თბილისში ვითარდება,  ადგილი არ უნდა ქონდეს. ხელოვანები ამბობენ, რომ საზოგადოებამ ყურადღება ქვეყნის მთავარ პრობლემაზე ოკუპაციაზე უნდა გადაიტანოს.

ყველა მხარდამჭერსა და კინოში მისულ მაყურებელს ფილმის ავტორმა შვედეთიდან მადლობა გადაუხადა. ლევან აკინმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"ძალიან ვამაყობ, რომ არცერთმა კინოთეატრმა არ დაიხია უკან, არ გააუქმა დაგეგმილი და გაყიდული კინოჩვენება და ნაცვლად ამისა, სოლიდარობა გამოხატა. ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ეს ფილმი. ეს ბრძოლა დასასრულიდან შორსაა. მე ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ, ყველა მამაცი მაყურებლით, ვინც მედგრად იდგა და არ შეშინდა,"- დაწერა ლევან აკინმა.

თბილისში მიმდინარე ჰომოფობიური პროტესტის ფონზე ფილმი სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს.  მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი ამჯერად ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოს ნომინანტი გახდა და საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ტიტულისთვის იბრძვის. გელბახიანის კონკურენტთა შორის ანტონიო ბანდერასი და ჟან დუჟარდენი არიან.

დღის ამბები