15 ოქტომბერი 2024,   21:57
ვრცლად
მერვე დღე ცხინვალის იზოლატორში - ექიმი, რომელიც ე.წ საზღვრებს არ აღიარებს, ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის კოლეგები ხელისუფლებას აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებენ. მედიკოსების თქმით, ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დასახსნელად დახმარება საკუთარ უცხოელ კოლეგებს უკვე სთხოვეს. სამედიცინო წრეების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ კოლეგის უკანონო დაკავებამ, რეგიონში ჰუმანიტარული მისიების მოქმედება შეაფერხოს.

58 წლის ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უკვე მერვე დღეა ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ახლობლების თქმით, უცნობია რა პირობებში ჰყავთ დაკავებული ოკუპანტებს. გაფრინდაშვილის ოჯახი არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფლობს ინფორმაციას.

ცხინვალის იზოლატორში მოთავსებული ექიმის საქმეზე ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს ოპოზიციაც. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე ხელისუფლება არასაკმარისად აქტიურია და ექიმის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად უნდა დააყენოს.

ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, დატყვევებული მედიკოსის გასათავისუფლებლად ყველა საერთაშორისო ბერკეტი უკვე ამოქმედებულია.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას დღეს აშშ-ს საელჩომაც მოუწოდა.

უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი სოფელ ახმაჯის ე.წ. სასაზღვრო პუნქტთან მაშინ დააკავეს, როცა ის ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული თამარ გიგაურის დასახმარებლად გადასვლას ცდილობდა. გაფრინდაშვილთან ერთად ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე დააპატიმრეს, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნეს. ექიმისთვის პატიმრობის მისჯის საბაბი კი მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრების აღიარებაზე უარის თქმა გახდა.

დღის ამბები