11 ოქტომბერი 2024,   22:01
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისი - რაზე შეთანხმდნენ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიები

ოპოზიცია მობილიზებას აგრძელებს და ხვალინდელი მასშტაბური საპროტესტო აქციის წინ "ლეიბორისტების" ოფისში კონსულტაციებისთვის კიდევ ერთხელ შეიკრიბა. როგორც შეკრებიდან გამოსული პოლიტიკოსები აცხადებენ, ოპოზიციაში, მათ შორის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მქონე პარტიებს შორისაც კი, მიღწეულია შეთანხმება, რომ აუცილებელია პროპორციული ვადამდელი არჩევნები. ამის მისაღწევად საუკეთესო გზად კი, უმრავლესობა მათგანს "გერმანული მოდელის" ამოქმედება მიაჩნია.

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის კოტე კემულარიას თქმით, აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რადგან ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა:

"ეს მატყუარა და თაღლითი კაცი - ბიძინა შეჰპირდა ქართველ ხალხს, მსოფლიო თანამეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ საქართველოში 2020-ში იქნებოდა პროპორციული არჩევნები. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ პროპორციულ არჩევნებზე, გამართულ, სამართლიან საარჩევნო სისტემაზე და ამაში ვგულისხმობთ ვადამდელს, იმიტომ რომ ეს კაცი არის სახიფათო," - განაცხადა კოტე კემულარიამ.

ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე:

"მთავარია ნაჩხუბრები არ გამოვდივართ და შევთანხმდით იმაზე, რა მოთხოვნა ექნება მიტინგს, ეს არის 4-პუნქტიანი, რომელსაც ვფიქრობ ხვალ გააჟღერებენ,"- განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღეს "ლეიბორისტების" ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრა, ხვალინდელი აქციის ორგანიზაციულ საკითხებს ემსახურებოდა.

"დღეს შევჯერდით იმაზე ხვალ როგორი თანმიმდევრულობით, ორგანიზაციულად, რა წესით წავა ეს აქცია, რას ვეტყვით შემდეგ ხალხს და რას მოვისმენთ მათგან. ყველა მივდივართ აქციაზე გამოვდივართ სიტყვით და შემდეგ გავაჟღერებთ იმას, თუ რას ვაპირებთ ამ აქციის შემდეგ,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ხვალ, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის მთავარი მოთხოვნაც ტექნიკური მთავრობის მიერ  ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება იქნება.

დღის ამბები