"დაკავებული ექიმი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა,"- განცხადებას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ "კაგებე" ავრცელებს. ოსურ მედიაში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროება გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს.
"არსებული ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში როგორც სამხედრო ექიმი აქტიურ მონაწილეობას იღებდა, მან 9 ნოემბერს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, მისი ქმედება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს," - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ცხინვალის რეგიონში დანაშაულებრივი რაოდენობის ზრდას საქართველოსთან "სახელმწიფო სასაზღვრო" რეჟიმის დარღვევას უკავშირებს.
"სასაზღვრო სამსახურის მიერ გამოძიებისას დადგინდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სამხრეთ ოსეთის საზღვრამდე მიზანმიმართულად ჩავიდა, რის შედეგადაც არაკანონიერად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარი," - წერს ოსური მედია.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათივე ინფორმაციით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაჟა გაფრინდაშვილს სახელმწიფო ადვოკატი მიუჩინეს," - წერია განცხადებაში, რომელსაც ოსური მედია ავრცელებს.