15 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
"იმდენად გულწრფელია ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, ამას წინ ვერ აღუდგებიან" - რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება

პარლამენტის შენობის წინ, აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირზე მისული ორგანიზატორები, რომლებიც "ლეიბორისტული" პარტიის ოფისში იყვნენ შეკრებილი და სამომავლო გეგმებზე მსჯელობდნენ, აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტი ხუთშაბათს იგეგმება. მათი თქმით, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება და შეეცდებიან, ხელისუფლების წევრებს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან. 

სიტყვით გამოსვლის დროს, აქციის ორგანიზატორებმა გასული ღამეც შეაფასეს და თქვეს, რომ 6-თვიანი პროტესტის  განმავლობაში, ბოლო 24 საათი ყველაზე რთული აღმოჩნდა. 

“სრულიად უტიფრად გამოდიან და გვეუბნებიან, რომ თურმე იმ საკითხებზე, რაზეც თვითონ მოგცეს დაპირება, შემდეგ გადაგვაგდეს, ამაზე საუბარიც კი აღარ უნდა გაგრძელდეს და თემა დახურულია. მართლა სამარცხვინოა, რა მეთოდებითაც გვებრძვიან. იმდენად ძლიერია ის იდეა, რის გარშემოც ვართ გაერთიანებული და იმდენად გულწრფელია ჩვენი მიზანი და სურვილი, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამის წინ ვერ აღუდგებიან," - ამბობს ანა სუბელიანი.

წერტილოვან დარტყმებსა და პიკეტირებაზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი, ანა ჭარხალაშვილი. მისი თქმით, სადაც "ქართული ოცნების" წევრები მივლენ და სხდომის გამართვას დააპირებენ, აქციის მონაწილეები ყველგან დახვდებიან და მათთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდებიან.

"მათი დასასრული უბრალოდ არის ხელმოსაწერი და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ ქართველმა ხალხმა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,"- აღნიშნა ანა ჭარხალაშვილმა.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი, ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ საზოგადოება ხელისუფლებისგან საკუთარი დაპირების შესრულებას ითხოვს.

"ჩვენთან, ნელ-ნელა ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებისგან თავისი პირობის აღსრულებას ითხოვს. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი პირობა ან დარჩეს საქართველოს ისტორიაში, როგორც ხელისუფლება, რომელიც არ არის უნარმოსილი, რომ საკუთარ მოსახლეობის მიმართ იყოს ანგარიშვალდებული და მაშინ მას მოუწევს წასვლა," - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება ზურაბ ბუდაღაშვილის დედა, მაგული გობეჯიშვილი. მისი თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მას შედეგი აუცილებლად ექნება.  

 

დღის ამბები