18 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ნიკა მელიას საქმეებზე სასამართლოში ხვალ ორი პროცესი გაიმართება და განაჩენი გამოცხადდება

ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ხვალ სასამართლოში ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდება.

2 პროცესი 2 სხვადასხვა საქმეზე ერთმანეთის პარალელურად ნახევარსაათიანი შუალედით დაინიშნა.

"ქართუს" გაკოტრების საქმეზე მელიას გამოძიება  იმ ეპიზოდს ედავება, როდესაც ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო. მას ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი.

მეორე საქმე  ეხება 20 ივნისის აქციას და ბრალდებას, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას უკავშირდება. პროცესებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები დაესწრებიან.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებისგან კარგი მოლოდინები არ აქვს და არ ენდობა.

"კარგის მოლოდინი ვერ მექნება ხელისუფლებისგან, რომელმაც განარიდა საქმისგან აბსოლუტურად ყველა სხვა საქმეში მონაწილე და დატოვა მხოლოდ ნიკა მელია. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას უნდა პოლიტიკურად გამოიყენოს სასამართლო, კარგის მოლოდინი ვერ მექნება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ბედს დაამძიმებს.

"როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილმა მელიასთან მიმართებაში, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, თან მან უკვე დაანონსა, რომ დიდი ხნით ჩაჯდებიანო. ეს გადაწყვეტილება მის ბედს ვერ გადაარჩენს, მხოლოდ დაამძიმებს. რაც უფრო მეტ პოლიტიკურ ოპონენტს ჩასვამს ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ტრაგიკული ბედი მომავალში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

თბილისის მერი კახი კალაძე კი აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობა ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

"თუ რაიმე კანონდარღვევა აქვს და დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი. არავის დაჭერა არ გამიხარდება, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კანონი არის უზენაესი," - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები