თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ჩხუბისას დაჭრილი 2 ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს. ექიმ სოლომონ დანდურიშვილის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა მიმდებარე პერიმეტრზე, სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები ამოიღეს. როგორც ბარის მეპატრონე, ნიკა მამეიშვილი აცხადებს, ბარის სათვალთვალო კამერას უშუალოდ ჩხუბის კადრები არ აუსახავს და მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე პირები ჩანან.
"ჩვენს კამერაში გარკვევით რაც ჩანს, არის ის, რომ ეს ადამიანი დგას ბარის შესასვლელთან, სიგარეტს ეწევა და 2 ადამიანი ჩამოდის რუსთაველის ქუჩიდან, ის ადამიანები, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩვენთან არ იყვნენ ბარში. მერე ხდება ჩხუბი, რომელიც ჩვენთან კამერებში აღარ ჩანს. ყველაფერი ხდება უკვე მაღლა, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც ჩვენი კამერა არ იყურება,"- განაცხადა ნიკა მამეიშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ ღამის კლუბში დაწყებული ჩხუბი 2 პირის დაჭრით დასრულდა. ორივე დაზარალებულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.