18 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობის ეფექტური გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება - ომბუდსმენის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ ეკა სხილაძემ აღნიშნა, თუ ბავშვი, რომელზეც იძალადეს, ქუჩაში მცხოვრებია, ამ საქმეში სოციალური სამსახური უნდა ჩართულიყო.

ეკა სხილაძემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი საქმეების გამოძიების ეფექტურობის ხარისხი, მიზეზთა გამო, საკმაოდ დაბალია.

"სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ინფორმირებული მომხდარის შესახებ. ჩვენ მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას. თუ საკითხი ეხება არასრულწლოვანს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს, ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩართული უნდა ყოფილიყო სოციალური სამსახური, მათ უნდა მოეხდინათ რეაგირება.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმართოს ეფექტური გამოძიება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვახსენდება შემთხვევები, როდესაც მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე ეფექტურად გამოიძიეს ან შედეგი დადგა. ერთი მხრივ, თავად ეს ბავშვები იკავებენ თავს, რომ მიმართონ სამართალდამცავ უწყებას, იმ სტიგმიდან გამომდინარე, რაც მათ მიმართ არსებობს, მეორე მხრივ, მომხდარ ფაქტებზე ეფექტური რეაგირება ისევ გამოწვევას წარმოადგენს,"- განაცხადა ეკა სხილაძემ.

შეგახსენებთ, "კურიერმა" მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს მამაკაცი არასრულწლოვანზე ფიზიკურად.

ამავე თემაზე
დღის ამბები