18 ნოემბერი 2024,   16:16
ვრცლად
ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხეს - ოპოზიცია კუხიანიძის მანდატის დატოვებასაც ითხოვს

ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხეს, მაგრამ საკრებულოში რჩება. გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წევრებმა მიიღეს.

"უმრავლესობის სხდომაზე ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს როგორც უმრავლესობა, ასევე კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

"ერეკლე კუხიანიძის მიმართ გატარდა უმძიმესი სანქცია და მივიღეთ ფრაქციიდან მისი გარიცხვის და თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. იმისთვის, რომ მანდატი ჩამოერთვას, უნდა ჰქონდეს რამდენიმე საფუძველი - პირადი განცხადება, გარდაცვალება, ან სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი,"-აცხადებს თბილისის საკრებულოს იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ჩაშლის ყველა სხდომას, რომელსაც საკრებულოს წევრი დაესწრება. 

"მართლა დაცინვაა საზოგადოების, ცოტა გონს მოეგონ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.  ეს არ არის არც პოლიტიკური და პარტიული, ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც გულისხმობს, რომ პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებების მიუხედავად, ვართ ერთიანი და ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ საჯაროდ განცხადებების გამკეთებელს, არათუ საკრებულოში, არამედ საზოგადეობაშიც არაფერი ესაქმება. 

პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და ვერცერთ კომისიას და საკრებულოს ვერცერთ  სხდომას, სადაც კუხიანიძე იქნება, მშვიდობიანად და აქციის გარეშე ვერ ჩაატარებენ,"- აცხადებს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

"საზოგადოების პროტესტმა განაპირობა, რომ "ქართული ოცნება" იძულებული გახდა, კუხიანიძე ფრაქციიდან გაერიცხათ. ახლა თვითონ ერეკლე კუხიანიძეს უნდა ეყოს გონიერება და დატოვოს საკრებულოს მანდატი,"-აცხადებს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, დავით ჟღენტი.

ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს დღეს კიდევ ერთხელ გამოხმაურა ოკუპირებული ცხინვალის მიერ დატყვევებული, ქართველი ექიმის მეუღლე. 

"ყველა პასუხისმგებელია თითოეულ სიტყვაზე. აზრის გამოხატვის თავისუფლებას მივესალმები, მაგრამ ეს უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით. როდესაც საჯარო მოხელე დეზინფორმაციის გავრცელებით უპირისპირდება თავისივე სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ფაქტს, მისი ადგილი საჯარო სამსახურში არ არის,"-გაცხადებს "კურიერთან" ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი.

დღის ამბები