პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს პირად კონტროლზე აიყვანენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, კომიტეტების სხდომაზე დაიბარებენ ყველა იმ პირს, ვისაც რამე შეხება ჰქონდა ამ საქმესთან.
"ქალბატონ სოფოსთან ერთად, პირადად მე, ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან. ჩვენი კომიტეტების ფარგლებში დავიბარებთ ყველა სუბიექტს, თუ ეს გახდება საჭირო. ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს, რათა არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი, პირველ რიგში, პოლიციის იმ თანამშრომლებმა, ვისაც ევალებოდათ კონკრეტული საკითხის გარკვევა, ვინც შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული. ვინც კი შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ამ პროცესში, იქნება ეს სკოლა თუ სხვა, რა თქმა უნდა, მათაც უნდა გასცენ ყველა კითხვას პასუხი," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი