"ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგა ბოკერიას 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აქვს კითხვები, თუ რატომ დააკავეს საქმის გამომძიებელი მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, როცა მანამდე მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ.
გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიერ დაწყებულ კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, პასუხისმგებლობის აცილებასა და მისი პოლიტიკურ ოპონენტებსა თუ სკოლაზე გადატანისკენაა მიმართული.
"ბავშვის გარდაცვალებისთანავე დააკავეს გამომძიებელი, რომელზეც იქამდე ამბობდნენ, რომ არანაირი პრობლემა არ არისო, ძალიან ცინიკურად გამოიყურება. ამასთან ერთად, მთელი ეს კამპანია, რასაც სოციალურ ქსელებში ვხედავთ, ამ ხელისუფლების მანქანის მიერ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე ან სკოლაზე გადაიტანონ ისრები და ჩამოიცილონ თვითონ, ეს არის სამარცხვინო და ამაზრზენი და ეს უნდა შეწყვიტონ ახლავე,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა.
ავტორი: ლელა ჯავახიშვილი