18 ნოემბერი 2024,   16:14
ვრცლად
გლოვის ნიშნად ოპოზიციამ სამთავრობო შენობების პიკეტირების გეგმა მოხსნა

ვახტანგ გომელაურისა და ნინო ცაციაშვილის გადადგომა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ლუკა სირაძის საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მოითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც დაზარალებული ოჯახის ინტერესებს იცავს, ამბობენ, რომ ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მინისტრმა უნდა აიღოს, ნინო ცაციაშვილმა კი იმ განცხადებების გამო,რომლებშიც რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდა რომ დაკითხვისას გადაცდომები არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობასა და სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. მესამე სექტორში იხსენებენ იმ საქმეებს, რომლებშიც სამართალდამცავების მიერ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტები გამოძიებული არ იყო.

ხელისუფლების ოპონენტებს კითხვა აქვთ, რატომ დააკავეს გამომძიებელი მხოლოდ ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, როცა იქამდე, მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ.

ოპოზიციამ ტრაგედიის გამო ხვალ დაანონსებული აქციები გააუქმა. გლოვის ნიშნად სამთავრობო შენობების პიკეტირების გეგმა მოიხსნა.

მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტები საქმეს პირად კონტროლზე აიყვანენ და, საჭიროების შემთხვევაში, დაიბარებენ ყველას, მათ შორის სკოლის წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაური ტრაგედიას დღეს წერილობით გამოეხმაურა. გიორგი გახარიასგან რამდენიმე უწყებამ კონკრეტული დავალება მიიღო.

გამოძიება გრძელდება, საზოგადოება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს ელოდება, ეს პირველი გახმაურებული საქმეა, რომელსაც უწყება რეორგანიზაციისა და უფლებების გაფართოების შემდეგ სწავლობს.

დღის ამბები