15 წლის მოზარდის საქმის გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის, სახელი კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ირკვევა, რომ ის ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმის გამომძიებელიც იყო და მან ამ საქმეზე დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძე გამოკითხა.
დღეს ყოფილმა პოლიტპატიმარმა 2011 წლის მოვლენები გაიხსენა. გოგუაძის თქმით, ჩოლოიანი არასასურველი პასუხების მოსმენის შემდეგ დაკითხვის ოთახს ტოვებდა, სადაც მალევე რამდენიმე მამაკაცი შედიოდა, რომლებიც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გოგუაძის თქმით, ჩოლოიანი წამებაში მონაწილეობდა და ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდა.
ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველო გაამტყუნა. სასამართლომ დაადგინა, რომ გოგუაძე არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, სახელმწიფომ კი ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარება.
"ჩემგან მისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერანაირად ვერ მიიღებდა, იმიტომ, რომ აბსურდულ კითხვებს მისვამდა, შედეგად მარიანა უკმაყოფილო სახით შემომხედავდა, ვერ ვიტყვი რომ ის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდა, უბრალოდ კაბინეტიდან გავიდოდა და ეს იყო ნიშანი, რომ კაბინეტში უნდა შემოსულიყო სხვა ხალხი და გრძელდებოდა ჩემი მტვრევა, ლეწვა და ცემა," - განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.