"სახალხო დამცველის ოფისი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში გამოძიების პროცესში ჩაერთოს," - ეს განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ცოტნე გამსახურდიას მეუღლესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ოფისი უკვე დაინტერესდა გამოძიების მიმდინარეობით, რადგან პირველ ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
"ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნომერ პირველი საზრუნავია, თუმცა, ასევე დავინტერესდი გამოძიების მიმდინარეობით. ზოგადად, როდესაც ასეთი დანაშაული ხდება, მტკიცებულებების მოსაპოვებლად პირველი საათები და დღეები ყველაზე მნიშვნელოვანია.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კონტაქტზე ოჯახის ადვოკატთან. სახალხო დამცველის ოფისი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს პროცესში, თუ მისი მხრიდან იქნება განცხადება, რომ არ არის კმაყოფილი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულობით ან ეფექტურობით," - განაცხადა სახალხო დამცველმა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარეს ორი ოპერაცია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.