"როცა საუბარია პრობლემაზე, იქ უნდა იყოს მითითებული ფაქტებიც,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში არაფორმალური მმართველობის არსებობაზეა ყურადღება გამახვილებული.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ საქმე ცალკეულ შემთხვევებს ეხება და ეს სისტემური პრობლემა არ არის.
"ბოტებით და ტროლებით არ შეიძლება, ვისაუბროთ. როცა საუბარია პრობლემაზე, იქ უნდა იყოს მითითებული ფაქტებიც, ისევე, როგორც ძალადობაზე საუბრისას. თუ არის ფაქტი, თითოეულ შემთხვევაზე საჭიროა რეაგირება და დარწმუნებული ვარ, იქნება რეაგირება. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, როდის იყო სისტემური პრობლემა საქართველოში და როდის აღიკვეთა, ჩემზე კარგად იცით,“- ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2019 წლის ივლისისა და აგვისტოს თვეში რამდენიმე პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის დასკვნაში ციხეებში არსებულ ძალადობრივ გარემოსა და პატიმრებს შორის კლასიფიკაციის არსებობაზეა ყურადღება გამახვილებული.
ავტორი: ქეთი ზანთარაია