საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი მიიჩნევს, რომ ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევა კორუფციის შესახებ, გადაჭარბებულია.
ილია ბეგიაშვილი არ უარყოფს, რომ ცალკეული შემთხვევები, შეიძლება, მართლაც არსებობდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სტატისტიკა პოზიტიური პროგნოზის საშუალებას იძლევა.
"კვლევის შედეგებს ნამდვილად ვერ დავეთანხმები. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, მაგრამ აქ გაშუქებული ფაქტები ბევრად გადაჭარბებულია, გაბუქებულია რეალობა, წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტებში იხვეწება როგორც შესყიდვების პრაქტიკა, ანტიკორუფციული პრაქტიკა, თვითონ კომპანიები, გამომდინარე მათი გამოცდილებიდან. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პროცესი დინამიურად და პოზიტიურად მიმდინარეობს,"- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა სამი რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა წარუმატებლად: სამეგრელო, სადაც 100 მილიონზე მეტია დახარჯული, კახეთი 29 მილიონზე მეტი ხარჯით და იმერეთი, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის პროექტია შეჩერებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პროექტებში არსებულ ხარვეზებს არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ შეფერხებული პროექტების განხორციელება აუცილებლად დასრულდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ თელავის რეაბილიტაციის პროექტში შეფერხება ნამდვილად არის, თუმცა კორუფციას გამორიცხავს.
"თელავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, როგორც იცით, დასრულებულია, საუბარია მეორე ეტაპზე და მეც რა ინფორმაციაც გამაჩნია ტენდერი, სამწუხაროდ, ორჯერ ჩაიშალა, არ შედგა, ახლა გამოცხადებულია მესამე ტენდერი, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უკვე დასრულდება და უნდა დაიწყოს სამუშაოები. რაიმე კორუფციულ გარიგებაზე და თანხის დაკარგვაზე აქ საუბარი არ არის,"- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული 180 მილიონი ლარის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელი ჟურნალისტები ავრცელებენ. ფონდი ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით მათ რეგიონებში პროექტების მიმდინარეობა გამოიკვლიეს, მოპოვებული მასალები კი, მათი განმარტებით, თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ცხადყოფს და კორუფციის ეჭვს აჩენს.