09 სექტემბერი 2026,   20:00
ვრცლად
განათლების სამინისტრო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაზე სამოქმედო გეგმას წარმოადგენს

დღეს, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყანაში მართლმსაჯულების, განათლებისა და სოციალური სფეროს გასაუმჯობესებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.

ჯგუფის წევრებმა უნდა წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა - როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი - თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე იმედოვნებს, რომ ეს არ იქნება შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის.

"უნდა მოვისმინოთ მათი გადაწყვეტები და ამის მერე შევძლებთ მივხვდეთ, ეს შეხვედრები იმ გრძელი შეხვედრების გაგრძელებაა, რომელსაც არასდროს შედეგი არ მოჰყოლია, წლების განმავლობაში, თუ რეალურად, სისტემა მართლაც მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ ახლა უნდა გარდაქმნას. სხვა შემთხვევაში, აზრი არ ექნება მუშაობას, არავის მხრიდან,"- განაცხადა ანა აბაშიძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ განათლების სამინისტრომ აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გეგმა შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც დღეს იქნება. 

"განათლების სამინისტრომ ორი მიმართულებით იმუშავა, ეს არის მოსწავლის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. მუშაობის პროცესში ჩართული იყო როგორც საერთაშორისო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრებზე გამოვლინდა გამოვლინდა გამოწვევები, ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებზეც მომავალში განათლების სამინისტრომ გააკეთებს აქცენტს. დღეს, მთავრობის კანცელარიაში, შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში, ჩვენ პრეზენტაციას წარვადგენთ,"- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფის მუშაობა 19 დეკემბერს დაიწყო. პირველ შეხვედრაზე გამოითქვა რეკომენდაცია, რომ კერძო და საჯარო სკოლები საერთო რეგულაციებს დაექვემდებარონ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები