იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს 20 ტრაქტორი გადაეცა. ქუთაისში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ერთობლივი პროექტის მიზანი სოფლის მეურნეობით დაკავებული ვეტერანების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო.
"საქართველოსა და თურქეთს აკავშირებთ ძალიან დიდი პარტნიორული ურთიერთობა. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხთან ერთად მრავალ პროექტზე ვმუშაობთ, რომლის ერთ-ერთი მაგალითია ეს პროექტი და ვიმედოვნებ, რომ სხვადასხვა სფეროში, ეს თავდაცვა იქნება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ეს პროექტები განვითარდება და უფრო გამრავლდება", - აცხადებს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ვეტერანების რესოციალიზაციასა და სოფლის მეურნეობაში მათ აქტიურ ჩართულობაზე ზრუნავს.
"დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს ვეტერანების რესოციალიზაციის საკითხთან მიმართებით. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ ვეტერანები აქტიურად იყვნენ ჩართული რესოციალიზაციაში, სოფლის მეურნეობაში, რადგან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას ერთი კუთხით და მეორე კუთხით, რა თქმა უნდა, ვეტერანების აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, აძლიერებს ჩვენს ქვეყანას", - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის განცხადებით, ვეტერანებისთვის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა.
"სახელმწიფო და ჩვენ თითოეული ვალდებულებას ვასრულებთ იმ ეტაპზე, რომ ვიზრუნოთ ვეტერანებზე, მათ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე და რაც უმთავრესია, ეს ტექნიკის გადაცემა არ არის ერთჯერადი სახის, იმიტომ, რომ ჩვენ გურიაში გვაქვს ასოციაციები ვეტერანების ჩამოყალიბებული და აქტიურად მეფუტკრეობის განვითარებაზე ვზრუნავთ, წელს მარტო ხუთი ტონა თაფლი დაიწურა, იმერეთის რეგიონი არის შემდგომი, შემდგომ ვფიქრობთ ჩვენ სამეგრელო, კახეთის მიმართულებით ამ ყველაფრის განვითარებას", - აცხადებს გენერალ-მაიორი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე.