13 სექტემბერი 2026,   20:09
ვრცლად
დღეს ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. ამავე დროს, თბილისის საკრებულოს დეპუტატის უფლებადამცველი მარიამ კუბლაშვილი აპირებს წარმოადგინოს ლინგვისტური ექსპერტიზის შედეგი, რომელსაც ადვოკატი საყურადღებოდ მიიჩნევს.

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოძიების დროს მიცემული თამთა თოდაძის და მისი დედის ჩვენებები, არის კოპირების გზით შესრულებული. ბრალდების მხარისა და ბუნებრივია, თამთა თოდაძის ადვოკატთან შეთანხმებით, საქმიდან იქნა ამოღებული თამთა თოდაძისა და მისი დედის ყველა განცხადება, რომელიც გავრცელდა საჯაროდ. მე ვგულისხმობ, ტელევიზიების საშუალებით მიცემულ ინტერვიუებს,"- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ბრალდების მხარე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. თამთა თოდაძის უფლებადამცველი თამუნა ლუკავას იმედი აქვს, რომ ილია ჯიშკარიანს სასამართლო დამნაშავედ ცნობს.  

"ბრალდების მხარე ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია. ასევე, გამოიკითხა ძალიან ბევრი მოწმე, რომელიც ადასტურებს თამთა თოდაძის ფსიქოლოგიურ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას შემთხვევის დღეს. არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ პირი იქნეს ცნობილი დამნაშავედ,"- განაცხადა თამუნა ლუკავამ.

შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად აღიარა.

 

დღის ამბები