საოკუპაციო რეჟიმი იმ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც კეტავს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს.
საახალწლო დღეებში, აღარ იმუშავებს ქარძმანი-პერევის გადასასვლელი. უკანონო გადაწყვეტილების მიზეზად, საოკუპაციო რეჟიმი უსაფრთხოებას ასახელებს.
მას შემდეგ, რაც უკვე მეოთხე თვეა ახალგორი ჩაკეტილია და უკიდურესად მძიმე პირობებში დარჩენილი მოსახლეობა რეჟიმის მძევალია, ეს ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი იყო, რომლითაც საჩხერის რაიონში ადგილობრივები სარგებლობდნენ.
"ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან, ბოლო წლებში ტრადიციად იქცა. ფაქტობრივად თითქოს მოცემულობაა, რომელიც თითქოს უნდა მივიღოთ ჩვენ, რომელიც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენ მოსახლეობას.
ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა მოლაპარაკებების ფორმატებში, მაგრამ როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით არანაირი ქმედითი ღონისძიება იმის საილუსტრაციოდ, რომ რაღაც შეთანხმება იყო, არ მომხდარა,"- აცხადებს "თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს გამგეობის წევრი შორენა ლორთქიფანიძე.
"ეს დღესასწაულებზე ტრადიციულად ხდება ხოლმე. უსაფრთხოების მხრივ სახელმწიფოს არაფერი გვემუქრება, მაგრამ სამწუხაროდ პრობლემატურია იქ მყოფი მოსახლეობისთვის. ეს არამარტო მათ უსაფრთხეობას ემუქრება, ერთგვარ ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს, რადგან ვერ ხერხდება ამ ადამიანების გადმოსვლა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობაზე. ეთნიკურად ოსებიც ვერ ახერხებენ თბილისში ჩამოსვლას და რამდენიმე ფაქტი ფატალურად დასრულდა იმის გამო, რომ ისინი ოკუპირებულმა რეჟიმმა არ გამოატარა, ამ მხრივ საშიშროებები არსებობს,"- აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე.