21 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ააფეთქეს თუ არა უკრაინული თვითმფრინავი - გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა, ჯერჯერობით, არ დასტურდება

საერთაშორისო მედია სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს. გამოცემები ირწმუნებიან, რომ ვიდეომასალაში ასახულია, როგორ ხვდება რაკეტა უკრაინულ სამგზავრო თვითმფრინავს, რომელიც შემდეგ ფეთქდება.

ჯერჯერობით, კადრების ავთენტურობა დადასტურებული არ არის. თუმცა, დადასტურებულია ის, რომ კადრები ნამდვილად თეირანის გარეუბან პარანდშია გადაღებული, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა.

ავიაკატასტროფის შესახებ მანამდე ამერიკულმა მედიამ კიდევ ერთი სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილ "ბოინგს" ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა მოხვდა. თუმცა, შეცდომით და არა მიზანმიმართულად.

ვერსიას, რომ უკრაინული თვითმფრინავი შესაძლოა რაკეტამ ჩამოაგდო, ირანი დიდ ტყუილს უწოდებს.

გამოძიების დასრულებამდე ვერსიები აქვთ ევროპაშიც. საფრანგეთსა და ბრიტანეთში თანხმდებიან, რომ "ბოინგი" ნამდვილად ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო. თუმცა, თეირანი ასე მიზანმიმართულად მოიქცა თუ "ბოინგ 737" მიზანში შეცდომით ამოიღო, - ეს ის მთავარი შეკითხვაა, რომელზეც ოფიციალური პასუხი ჯერ არ არსებობს.

მომხდარი ტრაგედიის გამო ირანში, კანადასა და უკრაინაში გლოვაა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისშიც. საქართველოში უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა, სადაც ჩანაწერებს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე რიგითი მოქალაქეები ტოვებენ.

თეირანის საერთაშორისო აეროპორტთან უკრაინული ავიახაზების კუთვნილი "ბოინგის" ჩამოვარდნას 176 ადამიანი ემსხვერპლა. საბედისწერო რეისის ბორტზე ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11, შვედეთის 10, ავღანეთის ოთხი, გერმანიისა და ბრიტანეთის 3-3 მოქალაქე იმყოფებოდა. ყველაზე პატარა მგზავრი 1 წლის იყო. თვითმფრინავი თეირანიდან კიევის მიმართულებით მიფრინავდა.

დღის ამბები