აფხაზეთში ახალ ე.წ პრეზიდენტს აირჩევენ. ეს არის ორდღიანი მწვავე პროტესტის მთავარი შედეგი.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ არაღიარებული რესპუბლიკის ე. წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ალხას კვიცინიას საჩივარი დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც 8 სექტემბრის დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად ცნო. ახლა ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ცესკომ დე-ფაქტო არჩევნების ახალი თარიღი ხუთ დღეში უნდა დაასახელოს.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ძალების მომხრეების კმაყოფილება მოჰყვა, რომელთა ნაწილი სასამართლო დარბაზში, ნაწილი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იყო შეკრებილი. როგორც გაირკვა პროცესს არ დასწრებიან არც მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და არც მისი წარმომადგენლები.
სასამართლო განაჩენის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია რაულ ხაჯიმბას. თუმცა, როგორც მის პრესსამსახურში განმარტეს, ვერდიქტი კანონდარღვევით გამოიტანეს, რაც ოკუპირებულ რეგიონში ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს. სწორედ ამ საფრთხეების გათვალისწინებით შედგა საგანგებო შეხვედრა სოხუმში. პოლიტიკური კრიზისისა და დაძაბულობის ფონზე დეფაქტო პრეზიდენტმა ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან გამართა მოლაპარაკება. პარალელურად გაირკვა, რომ აქციის მონაწილეები სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სამთავრობო შენობებს ჯერ არ დატოვებენ.
ამ წუთებში სოხუმში სიმშვიდეა. ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა ე. წ არჩევნების შედეგების გაბათილებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. კვიცინიას მომხრეებმა დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ.