15 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
რა შეიცვლება ოკუპირებულ აფხაზეთში ძალაუფლების გადანაწილების შემდეგ - ექსპერტების პროგნოზი

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ახალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, ხაჯიმბას გარდა, ვის ექნება სურვილი საკუთარი ძალების მოსინჯვის და როგორ აისახება ეს ყველაფერი ქართულ აფხაზურ ურთიერთობებზე. ამ პროცესების ფონზე საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარი მოქალაქეების უსაფრთხოებაა.

ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები ერიდებიან შეფასებებსაც და პროგნოზებსაც, თუმცა ამბობენ, რომ სოხუმში სიტუაციის დაძაბვა მათთვის სარგებლის მომტანი ვერ იქნება. ფაქტს, რომ ვითარება შედარებით განიმუხტა, სწორედ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითად აფასებენ თბილისში.

კონფლიქტოლოგებს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან, ანალიზის გაკეთება არ უჭირთ. აფხაზეთში ერთი "კლანი" მეორე "კლანისთვის" რევანშის აღებას ცდილობს - ამ მოცემულობაზე ყველა თანხმდება. ქართველი ექსპერტების თქმით, სოხუმში რუსეთის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნის ჩასვლის მიზანიც ნათელი იყო.

რომელი პოლიტიკური ჯგუფი იქნება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მმართველი - თბილისში ფიქრობენ, რომ ამას მოსკოვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ამოცანა რუსეთის მიმართ ლოიალურობაა, რაც, ექსპერტების შეფასებით, ხაჯიმბას შემთხვევაშიც და ოპოზიციის შემთხვევაშიც, უკვე მიღწეული შედეგია. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ე.წ. პრეზიდენტის ცვლილება ვერაფერს შეცვლის აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც, რადგან ისევე, როგორც დღემდე, შემდეგშიც კორუფციისა და კრიმინალის აღმოფხვრის შესახებ დაპირებები ვერ შესრულდება.

ცვლილებების დადებით მხარეებზე საუბრისას თბილისში მხოლოდ ერთ შესაძლო მიმართულებას განიხილავენ. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე არაერთი კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ანქვაბთან დაკავშირებული პოლიტიკური გუნდი გამარჯვების შემთხვევაში შედარებით ლოიალური იქნება ეთნიკური ქართველების მიმართ.

დღის ბოლოს სოხუმში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში. ქეთევან ციხელაშვილი ხაზს უსვამს, რომ ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება, თუმცა საყურადღებოა და აქედან დასკვნები როგორც ქართულმა, ასევე აფხაზურმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.

იმ ფონზე, რომ ხელახალი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სიტუაციის გამწვავების მოლოდინი ნაკლებად აქვს.

დღის ამბები