18 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ავიარეისი ვლადიკავკაზი - თბილისი - საქართველოშიც და ჩრდილო ოსეთშიც ამისი სურვილი უკვე არსებობს

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნის ინიციატივით გამოდის.

ამის მთავარ მიზეზად ვლადიკავკაზი ზემო ლარსთან სატრანსპორტო რიგებს ასახელებს, თუმცა, სავარაუდოდ, არის კიდევ სხვა მიზეზიც. რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აკრძალვისა და რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა დიდი რაოდენობის ფონზე, ვლადიკავკაზის აეროპორტი სერიოზულ ფინანსურ სარგებელსაც ნახავს.

7 თვის წინ პუტინის მიერ ფრენების აკრძალვის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ ინფორმაცია რამდნჯერმე გავრცელდა, არ არის გამორიცხული რომ ვლადიკავკაზიდან დანიშნულმა რეისმა რუსეთის სხვა ქალაქებიდანაც დააჩქაროს ფრენენების აღდგენა.

რეისი ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ჯერ მხოლოდ ინიციატივაა, თუმცა საქართველოშიც და ჩრდილო ოსეთშიც ამის სურვილი უკვე არსებობს. რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტის ინიციატივა კი იდეად დარჩება, თუ მოსკოვმა საქართველოში ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო. საკითხზე მარტში აბაშიძე და კარასინი იმსჯელებენ.

პრაღაში აქამდე კონკრეტულად ვლადიკავკაზის რეისზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვის "თბილისური თავგადასავალი" ორ სახელმწიფოს შორის ფრენების შეწყვეტის მიზეზი გახდა, პრაღის რაუნდებზე ფრენების აღდგენის საკითხი არაერთხელ დაისვა. ჯერ კიდევ ნოემბერში კარასინი ამბობდა, რომ ახალ წლამდე ამ მხრივ რაიმე სიახლე არ იგეგმებოდა. მარტში პრაღაში 20 ივნისის შემდეგ უკვე მე-2 შეხვედრა შედგება. მანამდე კი თავად ჩრდილოეთ ოსეთის მრეწველობისა და ტრანსპორტის მინისტრი ოსურ მედიასთან აცხადებს, რომ ამ იდეას ოსი და ქართველი ტუროპერატორებისა და ავიაკომპანიების მხარდაჭერა უკვე აქვს.

პოლიტიკური ნება რომ რუსეთის ფედერაციის მისაღებია და არა მის დაქვემდებარებაში შემავალი სახელმწიფოს მინისტრის, ამაზე ყველა თანხმდება. ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს იმაზეც შეთანხმდა, რომ ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენაში პრობლემას ვერ ხედავენ და იდეა ზემო ლარსთან არსებული მუდმივი პრობლემის გადაჭრას შეუწყობდა ხელს, რაც მძიმე კლიმატურ პირობებში რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩაკეტვას მუდმივ გამოწვევად ტოვებს. თუმცა ოპოზიციის აქცენტი უფრო ღრმა პრობლემას ეხება.

ამჟამად ბესლანში არსებული აეროპორტი ფრენებს სოჭის, როსტოვისა და მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს. ახალ მიმართულებებზე საუბრისას ერევნის და თბილისის რეისები დასახელდა,თუმცა ვიდრე ვლადიმერ პუტინი ივნისში გაცემულ განკარგულებას არ გადახედავს და ამას ოფიციალურ სახეს არ მისცემს, საკითხი ბუნდოვანი რჩება.

 

დღის ამბები