18 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
ორი ძალის ამბიციასა და დაპირისპირებას ეწირება სახელმწიფო ინტერესები - საქალაქო სასამართლოში TBC საქმეზე სხდომა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის ბადრი ჯაფარიძისა და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ამჯერად სხდომაზე მოუსმენენ TBC ბანკის თანამშრომელს, "სამგორი ემის" და "სამგორი თრეიდის" დირექტორებს, რომლებიც სესხის მიღების გარემოებებზე ისაუბრებენ.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომის დაწყებამდე ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქვეყნის ინტერესები ორი აქტორის - ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას ეწირება, რის შედეგადაც ქვეყანამ სერიოზული ზიანი მიიღო.

"ორი ძალა და ამ ორი ძალის ხელმძღვანელი, ერთი მხრივ ქვეყნიდან წასული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მეორე მხრივ ერთმმართველი პიროვნება, რომელმაც პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი მიითვისა და ჩაიდო ჯიბეში, მათ ამბიციასა და დაპირისპირებას ეწირება თითოეული ჩვენგანის ინტერესი. ეწირება სახელმწიფო ბიუჯეტი, ჩვენი მოქალაქეების გადასახადები. ამ ორ პიროვნებას ჰგონია, რომ საქართველო მათია," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება თავად პროცესს, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით საქმე არის ფარსი და ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დევნას ემსახურება.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, პროკურატურის განცხადება არ შეესაბამება მოწმეების განცხადებებს. მისი მტკიცებით, მოწმე ვერ იტყვის ისეთ რამეს, რაც რეალურად არ ყოფილა. გარდა ამისა,  ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ პროკურორის განცხადებებს ნუ დაეყრდნობიან.

 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები