18 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"აკადემიური ცოდვა" - თსუ-ს რექტორს პლაგიატში ადანაშაულებენ

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს აკადემიურ საქმიანობაში ყველაზე მძიმე დანაშაულში ადანაშაულებს. იაგო კაჭკაჭიშვილი შარვაშიძის  "აკადემიურ ცოდვაზე" საუბრობს და ამბობს, რომ უნივერსიტეტის რექტორი პლაგიატია.

გიორგი შარვაშიძის დისერტაციის გამოსაკვლევად კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიმართა. გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს, სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა.

მიითვისა თუ არა სხვისი ინტელექტუალური შრომა გიორგი შარვაშიძემ და რა მსგავსება აქვს ორ ნაშრომს ერთმანეთთან - ამ კითხვაზე პასუხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გასცა.

პროგრამა "თორნითის" დახმარებით რექტორის დისერტაცია, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიაუნს თავად გადაუგზავნა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ბროშურა - "საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები," ერთმანეთს შეადარა. გაირკვა, რომ 150 გვერდიან ნაშრომში თსუ-ს რექტორმა 40 გვერდი გადაწერა. დღეს მეთოდოლოგიასა და დეტალებზე "თორნითის" ხელმძღვანელი არ საუბრობს.

ირკვევა, რომ 2002 წელს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში" შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თსუ-ს მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე ხელმძღვანელობდა. ჯგუფი 15 ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შედგებოდა. ჯგუფის წევრებმა შექმნეს ნაშრომი თემაზე "საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები."  მოგვიანებით, 2002 წლის 25 მარტს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ. დადგენილებას დართული ჰქონდა "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ მომზადებული დოკუმენტი. ორგანიზაციაში კარგად ახსოვთ მომზადებული დოკუმენტი და "ღია საზოგადოება-საქართველოს" ავტორიზაციასთან დაკავშირებით პრობლემებს ვერ ხედავენ.

ირკვევა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობდა თსუ-შიც. გიორგი შარვაშიძის ნაშრომი უკვე შეისწავლა სადისერტაციო საბჭომ. თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, საბჭომ ანალოგიური პროგრამით იხელმძღვანელა, მაგრამ გადაწერილი მასალების მხოლოდ 8 პროცენტი აღმოჩინა. საბჭოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ რექტორმა დადგენილება გადაწერა, რაც კანონით ბიბლიოგრაფიის მითითებას არ ითვალისწინებს.

საავტორო უფლებების შესახებ კანონი  იმ გამონაკლისებს ადგენს, რა დროსაც შესაძლოა გამოყენებული იყოს ნაშრომი. საავტორო უფლება არ ვრცელდება სასამართლო გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო აქტებზე. კანონის მიხედვით, პარლამენტის დადგენილების გამოყენების შემთხვევაში არ არის აუცილებელი წყაროს მითითება, რაც თსუ-ს რექტორის შემთხვევაში მოხდა და თუ პლაგიატთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, მისი დადგენა მხოლოდ სასამართლოს გზით ხდება.

დღეს მედიასთან არ გამოჩენილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე. განათლების ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტს  2016 წლიდან იკავებს. მას მხარი აკადემიურმა საბჭომ დაუჭირა.

 

 

დღის ამბები