21 დეკემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"ეს ადმინისტრაციული ორგანო კი არა, "ქართული ოცნების" ოფისია"- საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოსთან ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად მივიდნენ, თუმცა ისინი საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა შენობაში არ შეუშვეს. 

შენობაში შესვლის მცდელობის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

"თანამშრომლებს არ უშვებენ საკრებულოში, აი ეს მოხდა. ეს საკრებულო ადმინისტრაციული ორგანო კი არა, "ქართული ოცნების" ოფისია. თვითონ წყვეტენ, ვინც უნდათ, შემოუშვებენ, ვინც არ უნდათ, არ შემოუშვებენ. დაკეტილია საკრებულო თურმე. ადმინისტრაციული ორგანო არის დაკეტილი და იმიტომ არ უშვებენ,"- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოზრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმაც. ის მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი. 

"ჩარაზულია მთლიანად თბილისის საკრებულო. არცერთი შესასვლელი არ იღება, არ იღება თბილისელებისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იმიტომ, რომ დაიცვან თავიანთი კრიმინალური ბანდა, რომელიც უზით დღეს საკრებულოში და რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა დღეს ლევან ხაბეიშვილს. რამდენი ადამიანი დაესია ერთს. ეს იყო წინასწარ დადგმული თავდასხმა,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.​

​შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები