21 დეკემბერი 2024,   16:08
ვრცლად
"გვერდით მჯდომმა, უბრალოდ, ლამაზად მოუთაქა"- საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ხაბეიშვილის ცემაზე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზეც ისაუბრა და უარყო, თითქოს მას 10 ადამიანი ერთად სცემდა. ირაკლი ზარქუა დარწმუნებულია, რომ პიროვნული შეურაცხყოფის მსგავსი შემთხვევისას საკრებულოს სხდომის ყველა დამსწრე ანალოგიურად მოიქცეოდა. 

"მილიონჯერ გავაფრთხილეთ, რომ თემაზე არგუმენტებით ილაპარაკოს, როგორც მისი კოლეგები საუბრობენ. ეს ჩვენ არ გვქონია არასდროს, მაგრამ როცა პირად შეურაცხყოფაზე გადადიხარ, მიიღებ იქ პასუხს. ამბობენ, ათი კაციო, რა ათი კაცი, გვერდით, ეკრანზე ჩანდა, გვერდით ვინც ეჯდა, უბრალოდ, ლამაზად მოუთაქა ერთი, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, მიუღებელია ძალადობა, მაგრამ როდესაც პირადი შეურაცხყოფაა, ყველა, თითოეული თქვენგანი, ასე იზამდით,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის მოსაზრებით, ის პასუხი, რომელიც უმრავლესობის წევრებმა ლევან ხაბეიშვილის რეპლიკებს უპასუხეს, "გონივრული და ადეკვატური" იყო.

"თითოეულ ჩვენგანს აქვს ინდივიდი და ძალიან დიდი ბოდიში, მათ ბელადს მინდა მივმართო, თუკი დააპირებს, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოვიდეს ამ შენობაში, სახელმწიფო უწყებებზე, თითოეული ჩვენგანიდან მას ექნება გონივრული და ადეკვატური პასუხი. პირადად ჩემთვის, ზოგადად, პრიორიტეტი არის ის პროექტები, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე ჩვენ განვიხილავდით,"- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

​შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილს სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

დღის ამბები