21 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორში და დროებით გახსნილი "საზღვარი" - რა პირობებში ცხოვრობენ ოკუპირებულ რეგიონში

იზოლაციის 140 დღე და უსახსრობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებით დასრულდა.

გზა, რომელიც 5 სექტემბერს ჩაიკეტა, დღეს, 5 თვის შემდეგ პენსიონერებისთვის პენსიების მისაღებად პირველად გაიხსნა. ჯერჯერობით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 23 პენსიონერი გადმოვიდა. პირველი, რაც მათ გააკეთეს - 5 თვის დაგროვებული პენსია აიღეს, შემდეგ კი მონატრებული შვილები და შვილიშვილები მოინახულეს. ოჯახებთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოყვანილი პროდუქტით დაბრუნებულმა პენსიონერებმა იციან, რომ 10 დღეში უკან უნდა დაბრუნდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლებს დაკარგავენ.

დადგენილი ვადის მიხედვით, უკან ე.წ. რაზდახანის გამშვებ პუნქტთან პენსიონერებს დაბრუნება 2 თებერვალს უწევთ, მანამდე კი ქართულ მედიასთან იქ არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ჰუმანიტარული კრიზისი, სამედიცინო მომსახურების არქონა და მედიკამენტების სიმცირე - გაძვირებულ პროდუქტთან ერთად ცხოვრებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა, რუსული პროდუქტი სამჯერ გაძვირდა და პენსიების არქონის გამო, ზოგ მათგანს შიმშილიც კი უწევს.

ცხინვალში 570-მდე პენსიონერია დარეგისტრირებული. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, უმეტეს მათგანს საბუთები მოსაწესრიგებელი აქვს. ამ დროისთვის, "კურიერის" ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწესრიგებული საბუთებით დამატებით 40-მდე პენსიონერია, რომელიც საშვების მიღებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული პენსიის აღების მოლოდინშია.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ახალგორში ე.წ. საზღვრის გახსნის შესახებ შერიგების მინისტრი სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა.

ე.წ. ახალგორის საზღვარი 5 სექტემბერს სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩაიკეტა. გადაწყვეტილებას დეფაქტო ხელისუფლება იქამდე არ შეცვლის, სანამ, მათივე თქმით, ჩორჩანაში ქართული საგუშაგო იდგება.

დღის ამბები