კორონავირუსი და მის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ქმედებები იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს პარლამენტში. ჯანდაცვის კომიტეტი საქართველოში ვიზიტად მყოფ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ მისიას მასპინძლობს. საუბარი ასევე შეეხება ფარმაცევტულ სექტორთან დაკავშირებით რეკომენდაციებს.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მხრივ დაბალი რისკის ქვეყნად რჩება, მიუხედავად ამისა, ყველა შესაბამისი უწყება მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზადაა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხებით ამ მნიშვნელოვან საკითხს, ეს მსოფლიო გამოწვევაა. გვექნება ამ პრობლემასთან დაკავშირებით შესაძლო განვითარების სცენარზე საუბარი არამხოლოდ საქართველოზე, არამედ საერთოდ. ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყანა ისევ იმყოფება დაბალი რისკის ზონაში ანუ, ე.წ. მწვანე ზონაში, აქ მხოლოდ თეორიული რისკები არსებობს და სწორედ ამიტომ, ჩვენ გავამკაცრეთ სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.