21 დეკემბერი 2024,   15:56
ვრცლად
მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ - რომელ ქვეყნებში შეაღწია ვირუსმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც კორონავირუსს გლობალურ საფრთხედ აფასებს, ქვეყნებს მოუწოდებს, მზად იყვნენ სწრაფი დიაგნოსტიკის, დაავადებულთა იზოლაციისა და მათი კონტაქტების გამოვლენისთვის. ყველაზე დიდ რისკს სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნები წარმოადგენს.

კორონავირუსის გავრცელების არეალს დღეს რუსეთი დაემატა, დაინფიცირებულია ტრანსბაიკალის ტერიტორიაზე მყოფი ჩინეთის 2 მოქალაქე. ინფექციამ დიდ ბრიტანეთამდეც მიაღწია. აქაც ორი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში ვირუსის არსებობა უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა, რის გამოც ქვეყანამ 6 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფექცია ორ ჩინელ ტურისტს აღმოაჩნდა. პირველი ფაქტი გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ბოლო მონაცემებით დაღუპულია 213 ადამიანი, გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 10 000-ს აღწევს. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ორი ათასამდე ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. ონლაინრუკა, რომელზეც ინფექციის ეპიცენტრებია მონიშნული, თანდათან წითლდება. ამ დროისთვის ვირუსი უკვე 20 ქვეყანაში ფიქსირდება.

ჩინეთის რამდენიმე ქალაქში 50 მილიონი მოქალაქისთვის კარანტინია გამოცხადებული. სრულ იზოლაციაშია ქალაქი უხანი, სადაც ამ დრომდე 5 ქართველი იმყოფება. ერთმა დარჩენა გადაწყვიტა, 4-ის ევაკუაციას კი თურქეთი უახლოეს მომავალში განახორციელებს. ანკარიდან სამხედრო თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით დღეს გაფრინდა. საქართველოს დახმარებას საფრანგეთიც სთავაზობს. ევაკუაციის მოთხოვნით ხელისუფლებას ჩინეთში ტურისტად მყოფმა ქართველებმაც მიმართეს.

საჭიროების შემთხვევაში, დაინფიცირებული მოქალაქეების მისაღებად საქართველომ შესაბამისი ზომები უკვე აამოქმედა. ე.წ. ბოქსირებული პალატები მზადაა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განგაშის სიგნალის მიუხედავად, ამ დროისთვის ფრენებს საქართველო არ შეზღუდავს იმ ქვეყნებთან, სადაც დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. პირდაპირი ავიამიმოსვლა მხოლოდ ჩინეთთან აიკრძალა. თბილისის აეროპორტში დამონტაჟებულია თბოკამერა, რომლითაც, შერჩევითობის პრინციპით, მგზავრების მონიტორინგი მიმდინარეობს.

განსაკუთრებული მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალურ მისიასთან. სამუშაო შეკრებას ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. იმსჯელეს მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებაზე.

ახალი კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაცია ჩინეთს მიმართავს და ურჩევს, გამოიძიოს ვირუსის გავრცელების მიზეზები, სრული ინფორმაცია გაასაჯაროოს ინფიცირებულებთან დაკავშირებით. ასევე განაგრძოს აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში ადამიანების უმკაცრესად შემოწმება.

სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიმართ გაცემული მთავარი რეკომენდაციაა, სახელმწიფოებმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დროულად მიაწოდონ სრული მონაცემები. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობს აცხადებს. გასულ წლებში გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა ებოლა, ზიკა და H1N1.

ამავე თემაზე
დღის ამბები