26 აპრილი 2024,   21:09
ვრცლად
ვიმედოვნებ, რომ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს არ ექნებათ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ - სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაში რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფ პირებს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ ექნებათ.

სესიაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის შეთავაზებას სხდომის სტრასბურგში ჩატარების თაობაზე და ხაზი გაუსვა, რომ სხდომა თბილისში ჩატარდება.

"მთავარია, რუსეთს ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არ უნდა მოეხდინა- ეს ერთი. ოკუპაციის შესახებ კანონი არ უნდა დაარღვიოს რუსეთმა და მათმა წარმომადგენლებმა. ეს არის ძალიან პრესტიჟული ღონისძიება. ცხადია, ის თბილისში ჩატარდება და ვიმედოვნებ, რომ თუ რუსეთი გამოგზავნის თავის წარმომადგენლებს, მათ არ ექნებათ დარღვეული კანონი ოკუპაციის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქრო, რომ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოს ეგიდით, მაისში, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციაც ჩამოვა - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ დელეგაციის შემადგენლობაში შეიძლება ის პირებიც იყვნენ, ვისაც საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დარღვეული აქვს. ერთ-ერთია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც აღნიშნული კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული და ღიად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას.

იქამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მაისში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის ფედერაციის დელეგაციას უმასპინძლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთ წევრს შესაძლოა დარღვეული ჰქონდეს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

დღის ამბები